Thursday, June 14, 2012

წიგნი ან კომპიუტერი




 - ასე არ ვაყენებთ საკითხს. ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განათლებისა და განვითარებისთვის, როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებოსთვის. ორივე ინფორმაციის მოძიების მთავარი საშუალებაა. წიგნისა და კომპიუტერის როლი უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, ერთმა არ უნდა გამორიცხოს მეორე, რადგან მათ გარკვეულწილად განსხვავებული დატვირთვა აქვთ:
კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს...

უარყოფითი: 

როგორც წიგნის, ისე კომპიუტერის გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. რადგან ასეთი ქმედება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იწვევს გარკვეულ ზიანს და შეიძლება ჩაითვალოს მავნე ჩვევად. კერძოდ, იგი ვლინდება: მხედველობის დაქვეითებაზე; კვების სისტემის დარღვევაზე; ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურები; იზოლირებულები, იკეტებიან საკუთარ სამყაროში; არიან ნაკლებყურადღებიანები პირადი ჰიგიენის მიმართ; ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი...


დასკვნა: 

საბოლოოდ, წიგნისა და კომპიუტერის ზომიერი გამოყენება საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც მთავარია, უნდა მოხდეს როგორც ერთის, ისე მეორის ღირებულებებისა და უარყოფითი მხარეების წინა პლანზე წამოწევა და გამიჯნვა. მათთან მუშაობისას საყურადღებო და მნიშვნელოვანია დროის დაბალანსება. 
ამ ყველაფრის გათვალისწინებით წიგნიცა და კომპიუტერიც სარგებელს მოუტანს ადამიანს...

წიგნი თუ კომპიუტერი


ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესი კომპიუტერმა და ტელევიზორმა ჩაანაცვლა. ახალი თაობის მისწრაფებებს პედაგოგები უარყოფითად ხვდებიან და პრობლემას მათი სიზარმაცით ხსნიან. 

საკამათო აღარაა, რომ ახალგაზრდა თაობას კითხვა არ უყვარს და არ უნდა. ისინი თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამბობენ, რომ ასე გაცილებით სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად ღებულობენ საჭირო ინფორმაციას. წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს კი იშვიათად აკითხავენ.

«კომპიუტერი სახლში მაქვს, მალე ინტერნეტიც მექნება და ყველაფერს, რაც მაინტერესებს ვებ-გვერდზე წავიკითხავ. ბიბლიოთეკაში არ დავდივარ, არც ის ვიცი ქალაქში სად არის წიგნის მაღაზია და რა წიგნები იყიდება», - გვეუბნება ფოსტის წინ მდგომი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, ყველაზე უფრო აქტიური, თუმცა სახელსა და გვარს რატომღაც არ გვიმხელს. არც იმ კითხვაზე გვპასუხობს რა ჟანრის ლიტერატურა უყვარს, დაახლოებით რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, რომელია მისი საყვარელი მწერალი ან საერთოდ, ბოლოს რომელი წიგნი «გადაათვალიერა».

საყვარელი მწერლებისა და ნაწარმოებების ჩამოთვლა მის მეგობრებსაც უჭირთ. «ბირჟაზე» მდგომი ექვსი ყმაწვილიდან ჟიულ ვერნის, ასტრიდ ლინდგრენის, ჯონათან სვიფტის, მიგელ დე სერვანტესის, რადიარდ კიპლინგისა და მარკ ტვენის ნაწარმოებები არცერთს არ აქვს წაკითხული. თუმცა ამბობენ, რომ ამ ავტორების შესახებ სმენიათ. საუბარში რომ ავიყოლიოთ, ქართველ მწერლებს ვახსენებთ, თუმცა აქაც სიტყვაძუნწობენ.

«ნოდარ დუმბაძე მიყვარს, მისი ყველა რომანი მაქვს წაკითხული», - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ახალციხელი გიორგი მერაბიშვილი.

ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, უფროსი ასაკის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის და კითხვა, პირველ რიგში ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

«პირს გააღებენ და სიტყვას ვერ პოულობენ აზრი რომ ჩამოაყალიბონ, რადგან სიტყვათა მარაგი არ აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ გაკვეთილის მოყოლასაც აღარ სთხოვენ», - ამბობს მშობელი ლამზირა ბერიძე.

შესაბამისად, ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო წიგნის შეძენის მსურველთა რაოდენობამ. პრობლემა ისიცაა, რომ ქალაქში წიგნის მაღაზია ფაქტობრივად არ არსებობს. სხვადასხვა სახის ლიტერატურა საკანცელარიო ნივთების მაღაზიებში იყიდება. მაგრამ, არჩევანი არც ამ მაღაზიებშია, - სპეცლიტერატურა მოსწავლეებისთვის, საყმაწვილო ენციკლოპედიები, ზღაპრები და ლექსები პატარებისთვის. თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის წიგნებს კი იშვიათად შეხვდებით.

გამყიდველები ამ ფაქტს მოთხოვნილების ნაკლებობით ხსნიან. კოსტავას ქუჩაზე მდებარე საკანცელარიო მაღაზია ერთ-ერთია, სადაც საკანცელარიო ნივთებთან და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ერთად სხვადასხვა სახის ლიტერატურა იყიდება.

გამყიდველი ზორბეგი ჩიტაური ამბობს, რომ წიგნებს ძირითადად დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები ყიდულობენ, იმიტომ რომ სჭირდებათ: «არ მახსოვს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასის მოსწავლეები შემოვიდნენ და იყიდონ წიგნი, ვგილისხმობ კლასგარეშე, მხატვრულ ლიტერატურას. გვიან მიხვდებიან, რომ კითხვა თურმე საჭირო იყო».

ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქში არსებულ მეორე მაღაზიაშიც. წიგნებზე მეტი აქ საკანცელარიო ნივთები და კომპიუტერის აქსესუარებია. სხვადასხვა წიგნების ფასი 3 ლარიდან იწყება. აქაც ძირითადად საბავშვო ლიტერატურაა და ამ მაღაზიის მენეჯერიც მყიდველის არარსებობაზე საუბრობს.

«მოთხოვნილება უფრო საბავშო ლიტერატურაზეა, ზღაპრებზე, ლექსებზე, ენციკლოპედიებზე. მოზარდებისთვისც გვაქვს რამდენიმე დასახელების მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ მყიდველი არ ჰყავს», - ამბობს სოკა ოგანჯიანიანი.

წიგნების ფასები არც ისე დიდია დაინტერესებული მყიდველისთვის ხელმიუწვდომელი რომ იყოს. თუმცა, წიგნებს ფასის გამო თუ ვერ შეიძენენ, მათი წაკითხვა ბიბლიოთეკებშიც შეიძლება.

ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ქეთევან მელიქიძე ამბობს, რომ ლიტერატურა ყველა ასაკის ბავშვებისთვის აქვთ: «ვერ ვიტყვი, რომ წინა წლებთან შედარებით წიგნებისადმი მოთხოვნილება გაიზარდა ან იკლო, ისევ იმ რაოდენობით შემოდიან ბავშვები. ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა, ის ყოველთვის შემოვა».

საჯარო სკოლების პედაგოგები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წიგნიერების დონე გაცილებით დაბალია.

«ადრე, ბავშვებს კლასგარეშე საკითხავს რომ მივცემდი, ყველა კითხულობდა; კლასში ნახევარზე მეტი ხუთოსანი იყო; დღეს აღარავინ სწავლობს, ზარმაცი თაობა მოდის», - ამბობს პედაგოგი გუგული ბლიაძე.

განსხვავებული აზრი აქვს საბავშო ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს: «მომწონს ეს თაობა, ზუსტად იციან რა უნდათ, მაშინ ჩვენ უფრო დაპროგრამებულები ვიყავით. ახალმა თაობამ ზუსტად იცის რა ისწავლოს და რა წაიკითხოს».

ახალციხის ინსტიტუტის ასოცირებული დოქტორი ნიკო ახალკაცი მიიჩნევს, რომ ძველი თაობა უფრო განათლებული იყო. ადრე წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, რაც დღეს ნაკლებად ხდება: «კომპიუტერი ზოგადად ინფორმაციას გაწვდის, მაგრამ წიგნს ვერ ცვლის. საფუძველისთვის წიგნის კითხვა ყოველთვის საჭიროა».
მხოლოდ სასკოლო საგნების სწავლა და ინტერნეტი განვითარებისთვის საკმარისი რომ არ არის, ეს იქიდანაც ცხადია, რომ ბოლო წლებია აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად უნარ-ჩვევების გამოცდას აბარებენ. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე
13.04.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

წიგნი თუ კომპიუტერი

ბევრი ადამიანი დარდობს წიგნის მომავალზე. შეიძლება რომ წიგნი რამემ შეცვალოს?“ როდესაც ადამიანი კომპიუტერზე 10 – 12 საათი მუშაობს/თამაშობს, ის უარს არ იტყოდა ტახტზე მოკალათებაზე და მისი საყვარელილექსების კითხვაზე” – უმბერტო ეკო.

კომპიუტერს წიგნზე მეტის გაკეთება შეუძლია, კომპიუტერით შეგიძლია მოძებნო ის ინფორმაცია, რისი მოძებნისთვისაც შეიძლება დიდი დრო დაკარგო თუ ეძებ წიგნი, შეგიძლია ითამაშო თამაშები, შეხვიდე Youtube-ზე და უყურო ვიდეოებს, დაუკავშირდე შენ ნათესავს ან მეგობარს დედამიწის მეორე მხარეს… მაგრამ წიგნის შეუძლია ის, რასაც კომპიუტერი ვერ შეძლებს: კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის. რატომ? ეს მარტივია როდესაც წინ კომპიუტერი”გიდევს” და კითხულობ, თვალები ტყუილად გეღლება, არაფერს გრძნობ და რაიმეს ძლივს თუ იმახსოვრებ.(იგივეა ლეპტოპზეც) მაგრამ როდესაც  სადმე ხარ მოკალათებული, წიგნიც კომფორტულად გიჭირავს, სულ სხვაგან ხარ, გონებით ჩაფლული ხარ წიგნში.  შენ განიცდი იმას რასაც წიგნის გმირები გმირები განიცდიან. სულ სხვა განზომილებაში ხარ და აღარაფერი გახსოვს. მერწმუნეთ ამას კომპიუტერზე წიგნის კითხვით ვერ მიაღწევთ.  ;)

ხალხი მაინც ფიქრობს რომ წიგნი აღარ იქნება. მე კი ვამბობ რომ წიგნი არ მოკვდება, ის თანდათან ახალ საფეხურზე გადადის. როგორც ცნობილია წიგნები ადრე ხელნაწერების სახით იყო და შემდეგ უკვე გამოიგონეს ბეჭვდა, ანუ წიგნმა სახე შეიცვალა. იგივე მოუვა ახლაც.

ეს კი ამაზონ ქაინდლია. ამით კი შესაძლებელია იგრძნო იგივე ემოციები რასაც წიგნის კითხივსას გრძნობ. შეიძლება ეს მოწყობილება იყოს წიგნის მომავალი.

ასე რომ არავის არ აქვს უფლება იმაზე ინერვიულოს რომ წიგნი აღარ იარსებებს. მე ორი წიგნის მომავალი გაჩვენეთ, რაც
სულ უწიგნობას მაინც სჯობს . ( პლიუს ხეების მოჭრაც არაა საჭირო დასამზადებლად. ;)  

P.S გადმოცემის თანახმად, როდესაც ეგვიპტეში დამწერლობა შემოიღეს, ფარაონს მიუთითები ჯერ წიგნზე, შემდეგ ადამიანის თავზე და უთქვამს, რომ წიგნი მოკლავდა მეხსიერებას. მაგრამ ასე არ მოხდა, წიგნი პირიქით, ზრდის მეხსიერებას.

„იოტა რიდერი“ ინფობიზნესის სამსახურში


შორს არაა ის დღე, როცა მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ მაღაზია – Amazon.com – ქართული წიგნების გაყიდვასაც დაიწყებს-მეთქი. მაღაზიის მესვეურებს ჩვენმა თანამემამულეებმა დაასწრეს და ელექტრონული წიგნების ქართული მაღაზია – lit.ge – შექმნეს.

რითი ვართ სხვაზე ნაკლები ქართველები? ნიჭიერი ავტორები არ გვყავს, წიგნები არ გვივარგა თუ ხარისხიანი მასალის შემფასებელი და დამფასებელი გაგვიხდა სანთლით საძებარი?!  ერთი იმას ვჩიოდი, სიახლეები ჩვენში ძნელად ინერგება-მეთქი, მაგრამ ხსენებული პროექტის გამოჩენის შემდეგ, ლამის ისიც დავიჯერო, რომ ნაკლი არა გვაქვს :) .

წიგნებთან ერთად lit.ge ელექტრონული წიგნების წასაკითხ მოწყობილობას – „იოტა რიდერსაც“ – გაყიდის. პირველი არა ვარ მათ შორის, ვინც ბოლოხანს ამ მშვენიერ მოწყობილობაზე ალაპარაკდა: პრესამ, ტელევიზიამ, სოციალურმა ქსელებმა უკვე საკმარისი ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ ადამიანებს. მე კი გადავწყვიტე, აღნიშნული საკითხი ინფობიზნესის თემატიკასთან დამეკავშირებინა და, მომავალი ავტორებისთვის საინტერესო, რამდენიმე კითხვით მივმართე  პროექტის განმახორციელებელი კომპანიის – შპს „ლითერასის“ – დირექტორს, ავთო სულაძეს:

ბატონო ავთო, რა უპირატესობები  გააჩნია „იოტა რიდერს“ ამაზონის Kindle-სთან ან ელექტრონული წიგნების საკითხავ სხვა მოწყობილობებთან შედარებით?

არის მთლიანად გაქართულებული: ქართული  მენიუ, ქართულად ძებნა ტექსტში. იოტა რიდერის მფლობელებისთვის  lit.ge-ზე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი ქართული წიგნი (ქართული კლასიკური ლიტერატურა) უფასოდ, ხოლო თანამედროვე გამოცემები – ბეჭდურ გამოცემებზე 2-3-ჯერ ნაკლებ ფასად.

ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო წიგნი არ მოკვდება


“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…
ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა –  ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.
რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…
ეკოს თანაავტორი ჟან-კლოდ კარიერია, რომანისტი და ისტორიკოსი, ბონუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორი. იტალიელი მედიევისტი და ფრანგი ლიტერატორი  რიგითი მკითხველების ამპლუაში გვევლინებიან და წიგნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით მომავლის განჭვრეტას ცდილობენ.
ავტორთა პოზიციას სათაურითაც იოლად ამოიცნობთ. თუმცა მთავარ ხიბლს მე სხვა რამეში ვხედავ. წინასწარმეტყველება რთული საქმეა და არც ეკო და მისი თანამოსაუბრე არიან პროფესიონალი ფუტუროლოგები – უპირველესი ღირსება ის ინტელექტუალური და უზადო იუმორით შეზავებული ბაასია, რომელიც მხატვრული სიტყვის ორ დიდოსტატს შორის მიმდინარეობს.
ისტორიული ექსკურსებით, ცნობილი თუ უცნობი ბიბლიოკურიოზებით, თამამი პარალელებით გაჯერებული, დინჯი საუბრის თუნდაც ზოგადი შინაარსის გადმოცემა უკიდურესად რთული და, ამასთან, ფუჭი საქმე მგონია – თავად უნდა წაიკითხოთ. შეუძლებელია, ამ წიგნმა გემოვნებიანი მკითხველი იმედგაცრუებული დატოვოს.
საყოველთაო პროგრესის ადეპტებს ეს დიალოგი, ეგებ, ორი ასაკოვანი ბიბლიოფილის ნოსტალგიურ პერფორმანსად ეჩვენოს. მე კი ამ წიგნმა ფრიად სასიამოვნოდ გამატარებინა რამდენიმე საათი და ისიც დამანახა, რომ თურმე შესაძლებელია, ბიბლიოსამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენას ყოველგვარი პანიკისა და მღელვარების გარეშე შევხვდეთ. როგორც აღმოვაჩინე, ავტორებიც ამ თვალსაზრისს იზიარებენ.
მართლაცდა, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ რიდერი წიგნის და მით უმეტეს, წიგნიერების მტრად. არ მგონია, ტექნოლოგიური რევოლუცია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ კანონიკურ სახეს განადგურებით ემუქრებოდეს. ავტომობილისა და თვითმფრინავის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ფეხით სიარულზე უარი არ უთქვამთ, გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში ხალხი თეატრებსაც სტუმრობს და კინოდარბაზებსაც – ამქვეყნად ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება.
P.S. ერთი კვირაა, უკიდეგანო “ამაზონზე” დავხეტიალობ, “ქინდლის” მოდელებს ვათვალიერებ და ჩემს პირველ რიდერს ვარჩევ. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ შევეჩვევი ახალ სათამაშოს, ერთი კი ზუსტად ვიცი – მოლის ნაფერებ და ნალოლიავებ ბიბლიოთეკას საფრთხე არ ემუქრება.

ელექტრონული წიგნი - წიგნის მომავალი


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და ელექტრონული წიგნების მაღაზია LIT.GE ითანამშრომლებენ. ლიტერატურული პორტალის მომხმარებლები სულაკაურის გამოცემულ წიგნებს ელექტრონული ფორმით შეიძენენ და მათი ფასი ნაბეჭდთან შედარებით, 35-60%-ით დაბალი იქნება. ამის შესახებ მხარეებმა ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „რედისონში“ გააკეთეს.
გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა და LIT.GE-ს დამფუძნებელმა პაატა სირბილაძემ ჟურნალისტებს თანამშრომლობის მოტივაცია გააცნეს. ასევე ისაუბრეს LIT.GE-ს სპეციალური წამკითხველის, იოტა რიდერის შესახებ. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე LIT.GE ელექტრონულ წიგნებს არა მხოლოდ ქართული იოტა რიდერის, არამედ ანდროიდის ტიპის ყველა წამკითხველის და აიპადის მომხმარებლებსაც შესთავაზებს. 
პაატა სირბილაძის განცხადებით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მეტი ბესტსელერი გამოსცა და სწორედ ამიტომ გახდა LIT.GE-სთვის ძალიან საინტერესო. 
„ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერი წიგნი, რომელიც გამოდის ქაღალდის ფორმით, სწრაფად იყოს მისაწვდომი ელექტრონულად. გვინდა, რომ ყველა წიგნი, რომლითაც დაინტერესდება ლიტ.ჯი-ს მომხმარებელი, არსებობდეს ელექტრონულადაც.“ - აღნიშნა სირბილაძემ. 
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის განცხადებით, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დასჭირდათ. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ დამდგარიყო წიგნების არალეგალური გავრცელების პრობლემა და არ მომხდარიყო ფაილის კოპირება. მისი თქმით, დაცვის ალგორითმი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ როგორი კარგი ჰაკერიც არ უნდა იყოს, ფაილის კოპირება პრაქტიკულად შეუძლებელია. სულაკაურმა აღნიშნა, რომ  ფაილის გატეხვას მათი IT ჯგუფი უშედეგოდ ცდილობდა.  
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ეს ბიბლიოთეკა არის უფრო დაცული, ვიდრე მაგალითად, ამაზონი, დავთანხმდით თანამშრომლობაზე. ჩვენი აზრით, ელექტრონული წიგნი არის წიგნის მომავალი. მაგალითად, ათი წლის შემდეგ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნება ნაბეჭდი წიგნის წაკითხვა. ცხადია, ქაღალდის წიგნები იარსებებს, მაგრამ იარსებებს გარკვეული ჟანრის და გარკვეული სეგმენტისთვის“ - აღნიშნა ბაკურ სულაკაურმა და გაიხსენა, რომ მაგალითად, ენციკლოპედიები მთლიანად ელექტრონულ ფორმატში გადავიდა, ხოლო „ბრიტანიკამ“ საერთოდ შეწყვიტა წიგნების ბეჭდვა.
„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რამდენიმე წელში, ნაბეჭდი წიგნი იქნება ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. ჩვენი მიზანია, ჩვენი კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის. ჩვენთვის საინტერესოა ისიც, რომ მალე LIT.GE-ის წიგნები არა მხოლოდ იოტა რიდერისთვის, არამედ ყველა სხვა პლატფორმისთვის იქნება ხელმისაწვდომი“ - შენიშნა გამომცემელმა.
ამ სიახლეს კი LIT.GE უკვე აპრილის მეორე ნახევრიდან გეგმავს. თვის ბოლოს ანდროიდის ტიპის ყველა სახის მოწყობილებას შეეძლება ელექტრონული წიგნების ამ პორტალზე განთავსებული ფაილების წაკითხვა, როგორც  მობილურ, ისე პლანშეტ-ვერსიას. ხოლო სექტემბრიდან ლიტ.ჯი-ს წიგნები ხელმისიწვდომი იქნება აიპადის, შესაბამისად, „ეფლის“ მომხმარებლისთვის.
 „ამით, თითქმის მთლიანად მოვიცავთ ელექტრონული წიგნების წამკითხველების ბაზარს. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქონდლის ბოლო ვერსია ანდროიდზეა რეალიზებული“ - დასძენს პაატა სირბილაძე. 
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აპირებს, ამიერიდან წიგნები ერთდროულად გამოვიდეს -  ნაბეჭდი და ელექტრონული სახით, რომ lit.ge-ს მკითხველებს არ დაუგვიანდეთ. ამასთან, გამომცემლობა ელექტრონული წიგნების პორტალთან ერთად, საბავშვო და ინტერაქტიული წიგნების გამოცემას გეგმავს. მაგალითად, გამოვა ელექტრონული წიგნი, რომელშიც ჩაერთვება ხმა, ანიმაცია, ვიდეო და სხვა სპეცეფექტები. ხოლო სასწავლო სახელმძღვანელოებს დავალებების ბლოკი ინტერაქტიული ექნებათ.  გარდა ამისა, იქნება წიგნები, რომლის მკითხველსაც თავად შეეძლება სიუჟეტის გაგრძელება და იმის შერჩევა - მთავარი გმირის ცხოვრება როგორ გაგრძელდეს. 
ცნობისთვის, ლიტერატურულმა პორტალმა -  www.lit.ge -  გასული წლის 15 ნოემბრიდან კონცეფცია შეიცვალა და პირველ  ქართულ ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზიად გადაიქცა. ამასთან, ბაზარზე ახალი ქართული ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა - ”იოტა რიდერი” შემოიტანა, რომელსაც ქართული მენიუ და საძიებო სისტემა აქვს. იოტას ბრენდირება გამოიწვია იმან, რომ წიგნები არალეგალური გავრცელებისგან დაეცვათ. LIT.GE-ის მესვეურები აღნიშნავენ, რომ წიგნებს სიამოვნებით გაყიდიდნენ ამაზონისთვის ან სხვა „დევაისებისთვის“, მაგრამ ვერ დაიცავდნენ ფაილის კოპირებისგან. სწორედ ამიტომ დაშიფრეს წიგნები და მათი წაკითხვა ჯერ კიდევ მხოლოდ”იოტა რიდერის” მეშვეობით ან კომპიუტერის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ”იოტა რიდერის” მფლობელი საიტზე არეგისტრირებს თავის მოწყობილობას, რის შემდეგაც წიგნების გადაწერა სხვა მოწყობილობაზე შეუძლებელი ხდება.
ამჟამად ლიტ.ჯი-ს ელექტრონულ მაღაზია-ბიბლიოთეკაში რამდენიმე ასეული წიგნია. ავტორი და გამომცემელი თავად აკონტროლებს წიგნის გაყიდვას და არეგულირებს ფასს. მაღაზია საკომისიოს იღებს, ხოლო დანარჩენი თანხა ავტორისა თუ გამომცემლის ანგარიშზე მიდის

რატომ ვერ შეცვლის აიპადი გაზეთს

აიპედი - პრეზენტაცია

Wednesday, June 13, 2012

კინდლი - პრეზენტაცია

”კინდლი” და ქართული წიგნები


მცირე ელექტრონული წიგნების გამოშვებით საქართველოში რამდენიმე გამომცემლობა უკვე დაინტერესდა. მათ შორისაა ლიტერატურული პორტალი „ლიბ ჯი“, რომელიც უახლოეს ხანში თავის მომხმარებელს შესთავაზებს წიგნებს ელექტრონული ტექსტების საკითხავი მოწყობილობისთვის, ”კინდლისთვის”.

„კინდლი“ ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც თან  ძალიან მსუბუქია და თანაც ძალზე ”ტევადი”. „კინდლის“ ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.



ვორდის ნებისმიერი ფაილი შეგიძლიათ აქციოთ ფაილად, რომელსაც „კინდლში“ წაიკითხავთ. ამისთვის სპეციალური კონვერტორები არსებობს. ჯერჯერობით ასე ხდება: შედიხარ ინტერნეტპორტალ „ლიბ.ჯი“-ზე, ირჩევ რომელიმე ნაწარმოებს, იმახსოვრებ, გადაგყავს „კინდლისთვის“ სასურველ ფორმატში და ელექტრონული წიგნი მზადაა. ამ ოპერაციას სულ რამდენიმე წამი სჭირდება, თუმცა უახლოეს ხანში დროის დახარჯვა თითქმის აღარ დასჭირდება - ელექტრონული ტექსტები „კინდლის“ ფორმატისთვისაც გამოქვეყნდება. ინტერნეტპორტალ „ლიბ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი კეკელიძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

 ‘ამაზონზე’ გაყიდვების რაოდენობა ელექტრონული წიგნებისა ზუსტად გაუთანაბრდა ჩვეულებრივ ბეჭდურ წიგნებს. ეს გარკვეულწილად ნიშნავს ბეჭდური ეპოქის დასასრულს თუ არა, ამ დასასრულის დასაწყისს მაინც. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ნოვაციები ადვილად ფეხს ვერ იკიდებს, მაგრამ უკვე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელსაც ”კინდლი” ან „აიფადი“ შეძენილი აქვს.”



ასე რომ, ელექტრონული წიგნი ბიზნესის წყარო შეიძლება გახდეს. მართალია, ასეთი ტექსტის ”შეძენა” უფრო იაფია, მაგრამ ტექსტის განთავსებაც იაფია და შესაძლებელია ინტერნეტპორტალის მფლობელებმა წიგნის გამომცემელზე უფრო მეტი მოგებაც ნახონ. გიორგი კეკელიძის თქმით, კლასიკური ლიტერატურა უფასო იქნება, ისევე როგორც ინტერნეტპორტალ ”ამაზონზე”, სადაც ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი წიგნი უფასოდ შეიძინოთ.




”აქედან გამომდინარე, ჩვენმა ინტერნეტბიბლიოთეკამ გადაწყვიტა კლასიკური ნაწარმოებები გადაიყვანოს იმ ფორმატში, რომელიც ადვილად იქნება წასაკითხი ”კინდლისთვის”. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტექნიკურად უკვე სრულიად მზად იქნება. ანუ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება „კინდლის“ თუ სხვა ტიპის ელექტრონული რიდერი, სრულიად უპრობლემოდ შეეძლება გადმოწეროს ნაწარმოებები უფასოდ”, - გვითხრა გიორგიმ.



თუმცა ეს ნოვაცია, ამავე დროს, საშუალებას მისცემს ელექტრონული ბიბლიოთეკების მფლობელებს რეკლამაც გაუკეთონ ახალ წიგნებს. გიორგი კეკელიძემ ისიც გვიამბო, როგორ აპირებენ ახალი ტექსტების განთავსებას ”კინდლისთვის”:


”ასევე  გვექნება მეორე განყოფილება, რომელიც, ავტორთან და გამომცემლებთან შეთანხმებით, შემოგვთავაზებს მხოლოდ ნაწყვეტს ინტერნეტმკითხველისთვის, ხოლო დანარჩენის გადმოწერას მკითხველი შეძლებს რაღაც თანხის გადახდის შემდეგ ბარათით ან ფულის ჩასარიცხი აპარატებით.”



წიგნის ერა სრულდებაო, გვითხრა გიორგი კეკელიძემ. უამრავი ადამიანი მსოფლიოში უარყოფს ამ აზრს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი გარდაუვალია. მით უმეტეს, რომ, როგორც გიორგი კეკელიძემ გვითხრა, ”ბევრი სარგებლობაც მოაქვს”:



”ამას ბევრი ადამიანი აღიარებს და იწონებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივი ბეჭდური წიგნის გამოცემაზე ძალიან ბევრი ქაღალდი იხარჯება. თანაც ”კინდლში” წიგნის კითხვა უფრო კომფორტულია - იქ უფრო ბევრი ნაწარმოები შეიძლება მოათავსო. სხვა მხრივ, წიგნს მომხრეები მეტი ჰყავს ეგზოტიკური მიზეზების გამო (”წიგნის სუნი”) და როგორც სასაჩუქრე პროდუქციას.



მაგრამ ნუთუ უარი უნდა ვთქვათ  ისეთ რიტუალზე, როგორიც ბავშვისთვის წიგნის კითხვაა? ბავშვთან ერთად წიგნის კითხვა ხომ აღმზრდელობითი რიტუალია, კონტაქტის საშუალება? - ვკითხეთ გიორგი კეკელიძეს.



” დღეს არსებობს სხვადასხვა ტიპის აპარატები. მაგალითად, იგივე „აიფადი“, რომელშიც სხვადასხვა ტიპის წიგნების ჩატვირთვა შეიძლება - ილუსტრაციებით. 2- 3 წელიწადში ეს ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება.”