Thursday, June 14, 2012

„იოტა რიდერი“ ინფობიზნესის სამსახურში


შორს არაა ის დღე, როცა მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ მაღაზია – Amazon.com – ქართული წიგნების გაყიდვასაც დაიწყებს-მეთქი. მაღაზიის მესვეურებს ჩვენმა თანამემამულეებმა დაასწრეს და ელექტრონული წიგნების ქართული მაღაზია – lit.ge – შექმნეს.

რითი ვართ სხვაზე ნაკლები ქართველები? ნიჭიერი ავტორები არ გვყავს, წიგნები არ გვივარგა თუ ხარისხიანი მასალის შემფასებელი და დამფასებელი გაგვიხდა სანთლით საძებარი?!  ერთი იმას ვჩიოდი, სიახლეები ჩვენში ძნელად ინერგება-მეთქი, მაგრამ ხსენებული პროექტის გამოჩენის შემდეგ, ლამის ისიც დავიჯერო, რომ ნაკლი არა გვაქვს :) .

წიგნებთან ერთად lit.ge ელექტრონული წიგნების წასაკითხ მოწყობილობას – „იოტა რიდერსაც“ – გაყიდის. პირველი არა ვარ მათ შორის, ვინც ბოლოხანს ამ მშვენიერ მოწყობილობაზე ალაპარაკდა: პრესამ, ტელევიზიამ, სოციალურმა ქსელებმა უკვე საკმარისი ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ ადამიანებს. მე კი გადავწყვიტე, აღნიშნული საკითხი ინფობიზნესის თემატიკასთან დამეკავშირებინა და, მომავალი ავტორებისთვის საინტერესო, რამდენიმე კითხვით მივმართე  პროექტის განმახორციელებელი კომპანიის – შპს „ლითერასის“ – დირექტორს, ავთო სულაძეს:

ბატონო ავთო, რა უპირატესობები  გააჩნია „იოტა რიდერს“ ამაზონის Kindle-სთან ან ელექტრონული წიგნების საკითხავ სხვა მოწყობილობებთან შედარებით?

არის მთლიანად გაქართულებული: ქართული  მენიუ, ქართულად ძებნა ტექსტში. იოტა რიდერის მფლობელებისთვის  lit.ge-ზე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი ქართული წიგნი (ქართული კლასიკური ლიტერატურა) უფასოდ, ხოლო თანამედროვე გამოცემები – ბეჭდურ გამოცემებზე 2-3-ჯერ ნაკლებ ფასად.

No comments:

Post a Comment