Thursday, June 14, 2012

წიგნი თუ კომპიუტერი


ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესი კომპიუტერმა და ტელევიზორმა ჩაანაცვლა. ახალი თაობის მისწრაფებებს პედაგოგები უარყოფითად ხვდებიან და პრობლემას მათი სიზარმაცით ხსნიან. 

საკამათო აღარაა, რომ ახალგაზრდა თაობას კითხვა არ უყვარს და არ უნდა. ისინი თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამბობენ, რომ ასე გაცილებით სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად ღებულობენ საჭირო ინფორმაციას. წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს კი იშვიათად აკითხავენ.

«კომპიუტერი სახლში მაქვს, მალე ინტერნეტიც მექნება და ყველაფერს, რაც მაინტერესებს ვებ-გვერდზე წავიკითხავ. ბიბლიოთეკაში არ დავდივარ, არც ის ვიცი ქალაქში სად არის წიგნის მაღაზია და რა წიგნები იყიდება», - გვეუბნება ფოსტის წინ მდგომი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, ყველაზე უფრო აქტიური, თუმცა სახელსა და გვარს რატომღაც არ გვიმხელს. არც იმ კითხვაზე გვპასუხობს რა ჟანრის ლიტერატურა უყვარს, დაახლოებით რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, რომელია მისი საყვარელი მწერალი ან საერთოდ, ბოლოს რომელი წიგნი «გადაათვალიერა».

საყვარელი მწერლებისა და ნაწარმოებების ჩამოთვლა მის მეგობრებსაც უჭირთ. «ბირჟაზე» მდგომი ექვსი ყმაწვილიდან ჟიულ ვერნის, ასტრიდ ლინდგრენის, ჯონათან სვიფტის, მიგელ დე სერვანტესის, რადიარდ კიპლინგისა და მარკ ტვენის ნაწარმოებები არცერთს არ აქვს წაკითხული. თუმცა ამბობენ, რომ ამ ავტორების შესახებ სმენიათ. საუბარში რომ ავიყოლიოთ, ქართველ მწერლებს ვახსენებთ, თუმცა აქაც სიტყვაძუნწობენ.

«ნოდარ დუმბაძე მიყვარს, მისი ყველა რომანი მაქვს წაკითხული», - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ახალციხელი გიორგი მერაბიშვილი.

ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, უფროსი ასაკის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის და კითხვა, პირველ რიგში ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

«პირს გააღებენ და სიტყვას ვერ პოულობენ აზრი რომ ჩამოაყალიბონ, რადგან სიტყვათა მარაგი არ აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ გაკვეთილის მოყოლასაც აღარ სთხოვენ», - ამბობს მშობელი ლამზირა ბერიძე.

შესაბამისად, ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო წიგნის შეძენის მსურველთა რაოდენობამ. პრობლემა ისიცაა, რომ ქალაქში წიგნის მაღაზია ფაქტობრივად არ არსებობს. სხვადასხვა სახის ლიტერატურა საკანცელარიო ნივთების მაღაზიებში იყიდება. მაგრამ, არჩევანი არც ამ მაღაზიებშია, - სპეცლიტერატურა მოსწავლეებისთვის, საყმაწვილო ენციკლოპედიები, ზღაპრები და ლექსები პატარებისთვის. თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის წიგნებს კი იშვიათად შეხვდებით.

გამყიდველები ამ ფაქტს მოთხოვნილების ნაკლებობით ხსნიან. კოსტავას ქუჩაზე მდებარე საკანცელარიო მაღაზია ერთ-ერთია, სადაც საკანცელარიო ნივთებთან და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ერთად სხვადასხვა სახის ლიტერატურა იყიდება.

გამყიდველი ზორბეგი ჩიტაური ამბობს, რომ წიგნებს ძირითადად დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები ყიდულობენ, იმიტომ რომ სჭირდებათ: «არ მახსოვს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასის მოსწავლეები შემოვიდნენ და იყიდონ წიგნი, ვგილისხმობ კლასგარეშე, მხატვრულ ლიტერატურას. გვიან მიხვდებიან, რომ კითხვა თურმე საჭირო იყო».

ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქში არსებულ მეორე მაღაზიაშიც. წიგნებზე მეტი აქ საკანცელარიო ნივთები და კომპიუტერის აქსესუარებია. სხვადასხვა წიგნების ფასი 3 ლარიდან იწყება. აქაც ძირითადად საბავშვო ლიტერატურაა და ამ მაღაზიის მენეჯერიც მყიდველის არარსებობაზე საუბრობს.

«მოთხოვნილება უფრო საბავშო ლიტერატურაზეა, ზღაპრებზე, ლექსებზე, ენციკლოპედიებზე. მოზარდებისთვისც გვაქვს რამდენიმე დასახელების მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ მყიდველი არ ჰყავს», - ამბობს სოკა ოგანჯიანიანი.

წიგნების ფასები არც ისე დიდია დაინტერესებული მყიდველისთვის ხელმიუწვდომელი რომ იყოს. თუმცა, წიგნებს ფასის გამო თუ ვერ შეიძენენ, მათი წაკითხვა ბიბლიოთეკებშიც შეიძლება.

ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ქეთევან მელიქიძე ამბობს, რომ ლიტერატურა ყველა ასაკის ბავშვებისთვის აქვთ: «ვერ ვიტყვი, რომ წინა წლებთან შედარებით წიგნებისადმი მოთხოვნილება გაიზარდა ან იკლო, ისევ იმ რაოდენობით შემოდიან ბავშვები. ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა, ის ყოველთვის შემოვა».

საჯარო სკოლების პედაგოგები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წიგნიერების დონე გაცილებით დაბალია.

«ადრე, ბავშვებს კლასგარეშე საკითხავს რომ მივცემდი, ყველა კითხულობდა; კლასში ნახევარზე მეტი ხუთოსანი იყო; დღეს აღარავინ სწავლობს, ზარმაცი თაობა მოდის», - ამბობს პედაგოგი გუგული ბლიაძე.

განსხვავებული აზრი აქვს საბავშო ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს: «მომწონს ეს თაობა, ზუსტად იციან რა უნდათ, მაშინ ჩვენ უფრო დაპროგრამებულები ვიყავით. ახალმა თაობამ ზუსტად იცის რა ისწავლოს და რა წაიკითხოს».

ახალციხის ინსტიტუტის ასოცირებული დოქტორი ნიკო ახალკაცი მიიჩნევს, რომ ძველი თაობა უფრო განათლებული იყო. ადრე წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, რაც დღეს ნაკლებად ხდება: «კომპიუტერი ზოგადად ინფორმაციას გაწვდის, მაგრამ წიგნს ვერ ცვლის. საფუძველისთვის წიგნის კითხვა ყოველთვის საჭიროა».
მხოლოდ სასკოლო საგნების სწავლა და ინტერნეტი განვითარებისთვის საკმარისი რომ არ არის, ეს იქიდანაც ცხადია, რომ ბოლო წლებია აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად უნარ-ჩვევების გამოცდას აბარებენ. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე
13.04.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

No comments:

Post a Comment