Thursday, June 14, 2012

ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო წიგნი არ მოკვდება


“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…
ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა –  ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.
რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…
ეკოს თანაავტორი ჟან-კლოდ კარიერია, რომანისტი და ისტორიკოსი, ბონუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორი. იტალიელი მედიევისტი და ფრანგი ლიტერატორი  რიგითი მკითხველების ამპლუაში გვევლინებიან და წიგნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით მომავლის განჭვრეტას ცდილობენ.
ავტორთა პოზიციას სათაურითაც იოლად ამოიცნობთ. თუმცა მთავარ ხიბლს მე სხვა რამეში ვხედავ. წინასწარმეტყველება რთული საქმეა და არც ეკო და მისი თანამოსაუბრე არიან პროფესიონალი ფუტუროლოგები – უპირველესი ღირსება ის ინტელექტუალური და უზადო იუმორით შეზავებული ბაასია, რომელიც მხატვრული სიტყვის ორ დიდოსტატს შორის მიმდინარეობს.
ისტორიული ექსკურსებით, ცნობილი თუ უცნობი ბიბლიოკურიოზებით, თამამი პარალელებით გაჯერებული, დინჯი საუბრის თუნდაც ზოგადი შინაარსის გადმოცემა უკიდურესად რთული და, ამასთან, ფუჭი საქმე მგონია – თავად უნდა წაიკითხოთ. შეუძლებელია, ამ წიგნმა გემოვნებიანი მკითხველი იმედგაცრუებული დატოვოს.
საყოველთაო პროგრესის ადეპტებს ეს დიალოგი, ეგებ, ორი ასაკოვანი ბიბლიოფილის ნოსტალგიურ პერფორმანსად ეჩვენოს. მე კი ამ წიგნმა ფრიად სასიამოვნოდ გამატარებინა რამდენიმე საათი და ისიც დამანახა, რომ თურმე შესაძლებელია, ბიბლიოსამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენას ყოველგვარი პანიკისა და მღელვარების გარეშე შევხვდეთ. როგორც აღმოვაჩინე, ავტორებიც ამ თვალსაზრისს იზიარებენ.
მართლაცდა, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ რიდერი წიგნის და მით უმეტეს, წიგნიერების მტრად. არ მგონია, ტექნოლოგიური რევოლუცია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ კანონიკურ სახეს განადგურებით ემუქრებოდეს. ავტომობილისა და თვითმფრინავის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ფეხით სიარულზე უარი არ უთქვამთ, გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში ხალხი თეატრებსაც სტუმრობს და კინოდარბაზებსაც – ამქვეყნად ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება.
P.S. ერთი კვირაა, უკიდეგანო “ამაზონზე” დავხეტიალობ, “ქინდლის” მოდელებს ვათვალიერებ და ჩემს პირველ რიდერს ვარჩევ. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ შევეჩვევი ახალ სათამაშოს, ერთი კი ზუსტად ვიცი – მოლის ნაფერებ და ნალოლიავებ ბიბლიოთეკას საფრთხე არ ემუქრება.

1 comment: