Thursday, June 14, 2012

ელექტრონული წიგნი - წიგნის მომავალი


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და ელექტრონული წიგნების მაღაზია LIT.GE ითანამშრომლებენ. ლიტერატურული პორტალის მომხმარებლები სულაკაურის გამოცემულ წიგნებს ელექტრონული ფორმით შეიძენენ და მათი ფასი ნაბეჭდთან შედარებით, 35-60%-ით დაბალი იქნება. ამის შესახებ მხარეებმა ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „რედისონში“ გააკეთეს.
გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა და LIT.GE-ს დამფუძნებელმა პაატა სირბილაძემ ჟურნალისტებს თანამშრომლობის მოტივაცია გააცნეს. ასევე ისაუბრეს LIT.GE-ს სპეციალური წამკითხველის, იოტა რიდერის შესახებ. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე LIT.GE ელექტრონულ წიგნებს არა მხოლოდ ქართული იოტა რიდერის, არამედ ანდროიდის ტიპის ყველა წამკითხველის და აიპადის მომხმარებლებსაც შესთავაზებს. 
პაატა სირბილაძის განცხადებით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მეტი ბესტსელერი გამოსცა და სწორედ ამიტომ გახდა LIT.GE-სთვის ძალიან საინტერესო. 
„ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერი წიგნი, რომელიც გამოდის ქაღალდის ფორმით, სწრაფად იყოს მისაწვდომი ელექტრონულად. გვინდა, რომ ყველა წიგნი, რომლითაც დაინტერესდება ლიტ.ჯი-ს მომხმარებელი, არსებობდეს ელექტრონულადაც.“ - აღნიშნა სირბილაძემ. 
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის განცხადებით, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დასჭირდათ. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ დამდგარიყო წიგნების არალეგალური გავრცელების პრობლემა და არ მომხდარიყო ფაილის კოპირება. მისი თქმით, დაცვის ალგორითმი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ როგორი კარგი ჰაკერიც არ უნდა იყოს, ფაილის კოპირება პრაქტიკულად შეუძლებელია. სულაკაურმა აღნიშნა, რომ  ფაილის გატეხვას მათი IT ჯგუფი უშედეგოდ ცდილობდა.  
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ეს ბიბლიოთეკა არის უფრო დაცული, ვიდრე მაგალითად, ამაზონი, დავთანხმდით თანამშრომლობაზე. ჩვენი აზრით, ელექტრონული წიგნი არის წიგნის მომავალი. მაგალითად, ათი წლის შემდეგ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნება ნაბეჭდი წიგნის წაკითხვა. ცხადია, ქაღალდის წიგნები იარსებებს, მაგრამ იარსებებს გარკვეული ჟანრის და გარკვეული სეგმენტისთვის“ - აღნიშნა ბაკურ სულაკაურმა და გაიხსენა, რომ მაგალითად, ენციკლოპედიები მთლიანად ელექტრონულ ფორმატში გადავიდა, ხოლო „ბრიტანიკამ“ საერთოდ შეწყვიტა წიგნების ბეჭდვა.
„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რამდენიმე წელში, ნაბეჭდი წიგნი იქნება ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. ჩვენი მიზანია, ჩვენი კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის. ჩვენთვის საინტერესოა ისიც, რომ მალე LIT.GE-ის წიგნები არა მხოლოდ იოტა რიდერისთვის, არამედ ყველა სხვა პლატფორმისთვის იქნება ხელმისაწვდომი“ - შენიშნა გამომცემელმა.
ამ სიახლეს კი LIT.GE უკვე აპრილის მეორე ნახევრიდან გეგმავს. თვის ბოლოს ანდროიდის ტიპის ყველა სახის მოწყობილებას შეეძლება ელექტრონული წიგნების ამ პორტალზე განთავსებული ფაილების წაკითხვა, როგორც  მობილურ, ისე პლანშეტ-ვერსიას. ხოლო სექტემბრიდან ლიტ.ჯი-ს წიგნები ხელმისიწვდომი იქნება აიპადის, შესაბამისად, „ეფლის“ მომხმარებლისთვის.
 „ამით, თითქმის მთლიანად მოვიცავთ ელექტრონული წიგნების წამკითხველების ბაზარს. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქონდლის ბოლო ვერსია ანდროიდზეა რეალიზებული“ - დასძენს პაატა სირბილაძე. 
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აპირებს, ამიერიდან წიგნები ერთდროულად გამოვიდეს -  ნაბეჭდი და ელექტრონული სახით, რომ lit.ge-ს მკითხველებს არ დაუგვიანდეთ. ამასთან, გამომცემლობა ელექტრონული წიგნების პორტალთან ერთად, საბავშვო და ინტერაქტიული წიგნების გამოცემას გეგმავს. მაგალითად, გამოვა ელექტრონული წიგნი, რომელშიც ჩაერთვება ხმა, ანიმაცია, ვიდეო და სხვა სპეცეფექტები. ხოლო სასწავლო სახელმძღვანელოებს დავალებების ბლოკი ინტერაქტიული ექნებათ.  გარდა ამისა, იქნება წიგნები, რომლის მკითხველსაც თავად შეეძლება სიუჟეტის გაგრძელება და იმის შერჩევა - მთავარი გმირის ცხოვრება როგორ გაგრძელდეს. 
ცნობისთვის, ლიტერატურულმა პორტალმა -  www.lit.ge -  გასული წლის 15 ნოემბრიდან კონცეფცია შეიცვალა და პირველ  ქართულ ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზიად გადაიქცა. ამასთან, ბაზარზე ახალი ქართული ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა - ”იოტა რიდერი” შემოიტანა, რომელსაც ქართული მენიუ და საძიებო სისტემა აქვს. იოტას ბრენდირება გამოიწვია იმან, რომ წიგნები არალეგალური გავრცელებისგან დაეცვათ. LIT.GE-ის მესვეურები აღნიშნავენ, რომ წიგნებს სიამოვნებით გაყიდიდნენ ამაზონისთვის ან სხვა „დევაისებისთვის“, მაგრამ ვერ დაიცავდნენ ფაილის კოპირებისგან. სწორედ ამიტომ დაშიფრეს წიგნები და მათი წაკითხვა ჯერ კიდევ მხოლოდ”იოტა რიდერის” მეშვეობით ან კომპიუტერის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ”იოტა რიდერის” მფლობელი საიტზე არეგისტრირებს თავის მოწყობილობას, რის შემდეგაც წიგნების გადაწერა სხვა მოწყობილობაზე შეუძლებელი ხდება.
ამჟამად ლიტ.ჯი-ს ელექტრონულ მაღაზია-ბიბლიოთეკაში რამდენიმე ასეული წიგნია. ავტორი და გამომცემელი თავად აკონტროლებს წიგნის გაყიდვას და არეგულირებს ფასს. მაღაზია საკომისიოს იღებს, ხოლო დანარჩენი თანხა ავტორისა თუ გამომცემლის ანგარიშზე მიდის

No comments:

Post a Comment